ძვირფასო მკითხველო,

ასე მგონია, თითქოს ამ წიგნის წაკითხვით, ჩემი სულის გვირაბში შემოდიხართ ნახევრად. არ გპირდებით, ბოლომდე შეაღწიოთ მასში, რომ მთლად შეიცნოთ მისი ბუნების საიდუმლო. ის თვით ჩემთვისაც არის გამოუცნობი, რადგან სიტყვები, რომლებსაც ვწერ, უჩვეულოდ იბადებიან, საიდანღაც მოდიან… ძირითადად, ჩემი ლირიკული ლექსები ასახავენ სიკეთისა და ბოროტების ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძოლას; ისწრაფვიან ჰუმანიზმისკენ და მიზნად ისახავენ ჭეშმარიტი ქრისტიანული მორალის შენარჩუნებას, რომლის „თავისუფლება ტყვეობაში“– გისოსებში მომწყვდეული სიმბოლური ფრინველი განასახიერებს, რომელიც ამ კრებულის გარეკანშია გამოსახული. აი, ეს არის მთავარი თემა, რომელიც მთელ ჩემ პოეზიას მოიცავს. ის არ გაგახალისებთ, მაგრამ შეიძლება შეგმატოთ რაღაც სხვაგვარი გამოცდილების ცოდნა და მსგავს ვითარებებში დაგეხმაროთ თქვენს შინაგან თავისუფლების ძიებაში.
***
მე ზამთარი დამესიზმრა ამ მხარეს,
ცივ შეხებას ვგრძნობდი მანუგეშებლის.
ბუ კიოდა მთვარეულზე მაგ ღამეს,
როს დაეცნენ სიყვარულის მხედრები.
მოძულების თითქოს გვამი მიჰქონდათ,
უძლურობით მედგნენ მარდი მცველები.
სულაპყრობით უხილავთან მიმქონდა
დაცემული გული, სატრფოს ვედრებით.
მახსენდება ზღვა მშვიდი და სურნელი
ნიავების ტკბილი – ცამდე ოცნება;
ვით სიმშვიდის მეფე დედაბუნების
მყუდროების ფენის ჰაეროვნება…
…და იმ მხარეს შემრჩა გასივრცებული
სული ტრფობის, ნეტარებით მოსილი…
ვით ჭრილობა, გულზე ატკიებული,
მის დარდს ყველგან დავატარებ ლოდივით.
შენ გაჰყევი წარსულს უბერებელი,
მშვენებათა მშვენიერო, აბია!…
სამშვიდობოდ მარად მოვეფერები
შენი ხსოვნის უსხეულო ტან წმინდას!
***
დაფრთხობილ გრძნობის მოდუმებულ სიცოცხლის მიღმა
შავ – თეთრ პორტრეტებს მე აღვიდგენ კადრით გონების.
რა პირფერულად, საცოდავო, სხვის როლში ზიხარ,
განუწმინდავის სულზე გითხრობს თვალი მძოველი.
ევრიკა! – როცა წმინდა გრძნობის ფრთებსა ლივლივით
მზის სინათლეზე აღტაცების ცეცხლი აენთოთ.
შემოგვიფრინდა სულს ყორანი მტერთა სირცხვილის
და ერთი გული ორ ნაწილად ხმლებით გაგვეპო.
წმინდა მაღლობებს აკრავთ ჩალის ფერის მირაჟი,
ძველ ჰანგებს ფრქვევენ მისი სულის იადონები.
ღამის ჰაერი იტენება მეხით, დილამდის
რისხვა იქნება თუ წყალობა მისანდობელის?
ო, რა მძიმეა აღსაქმელად სახე წაგვრილი
და ღვთის დუმილის ფონზე კვდომა სათნო მშვენების.
რადგან აღარ ჩანს აფროდიტე თვალებ – ვარსკვლავით,
მე ღვთის ნებასთან შერიგებას ვამკობ ცრემლებით.
***
შურიან სულის პირფერულად მქროლი ნიავი
მთებს და დაბლობებს გადაუვლის ცივი ნიშნებით.
გონებისა და გულის სიღრმის დღენი მხიბლავი
გადაეცვლებათ მოგონებად ჭირის თვისების.
შეირყევიან მარადიულ ფლორის ბოძები:
მდგრადი ძელქვები, ქარიშხალთა მძლენი ღვიები.
თუმცა რეფლექსად გაზაფხულის მძლე პიონები
სახეს მიმკობენ მედიდურად წლების მძივებში.
აღმოსავალით კეთილშობილ დიდებულების
ვეღარ შევრჩები უსირცხვილო მანიურ ეჭვებს.
აღზევებული სული ნიშნავს ადგილს დუელის
და ყვავ – ყორანებს უფლის სული ნადიმს უკვეთებს.
სანამ ყველაფერს ღვთის წინაშე წარედგინება
წმინდა ღვაწლები თუ ქცევანი დასაწყევარი,
მანამ მე ტანი უფლის ძელზე ამეზიდება
ვით მათი რწმენის და მშვიდობის დამაქცევარი.
ნიმფა
როს უდიადეს მთას მიადექ ღვთიური ნდობით,
მის ხეივნების ბუნებაში გატკბობდა სუნთქვა.
ნიმფამ შეიპყრო საიდუმლო მეფური გრძნობის
და ნიმფა ყველამ მიიტაცა სატრფობად გულთან.
დედოფალივით გადაიქცა შენი წყალობით
ნიმფა, ღვთის მადლიც გადმოეფრქვა პატივ დიდებად.
დიდებულების შურის ტალღა ამღვრევს დანდობის
წყალთა წყაროებს და წყურვილი შხამით გიკვდება.
ო, მოწამლული სული კვნესის, ღაღადი მისი
უარყოფილა თითქოს ცაშიც… დამჭკნარა წლები.
ვეღარ მოგიკლავს ტრფიალებას ღალატი ნიმფის,
გადაგიაროს თუნდ სასჯელად მთა და ზღვა მთელი.
ხვდები ღვთის ნებას: ზღვა ამოჰყავთ ჯალათ პირქარებს,
რომ განვიდევნო მათ სამოთხის საზღვრების იქით.
ნიმფა მკვდარია! – გერწმუნება ღვთის სახლის გარეთ
მსგავსი არსება ანგელოზის, მკვახე ხმის სიტყვით.
ბეჭდური ხილვების ასლები
გამოჩნდნენ ხილულის მხედრები
სულ შიგა სამყაროს მზვერავად.
ფოლადი სიტყვები მძეველის
შედრკება აროდეს მსდევართან.
წაიღეს ჭორისთვის მოპარვით
ბეჭდური ხილვების ასლები.
ვლინდება მსაჯულის მორალი
ამგვარად, მის ნების აგდებით?
პაუზის დღეების მონუმენტს
უდგამენ ნაეჭვებ ქმნილებას.
დუმილის შიგნიდან მოძულე
ეშმაკი დაქეზავს თვით ქებას.
ცოტათი აეშვა ბორკილი
მძიმე სულს – იძვრება ხსენება
დნობისთვის ყინულის… მორივით
მაშ რაღა გულს მწველად ედება?
წვერთეთრა ნაცეცხლი გუმანი
შეიპყრობს ხრიკინა ქმედებას;
ფხიზელი დუმილით მსუნთქავი
შიფრულის გაიღებს შეცნებას.
ბუდიდან გაპარულს ფრინველად
არწევენ ცისფერი ტალღები…
იკვლევენ აზრთა ცვლის მინერალს
ბეჭდური ხილვების ასლები.
***
როცა მე ნუგეშს დავეძებდი გმობის ავდარში,
მე შენ გინატრე, სიზმარივით მედექ ვარსკვლავად.
მაგრამ შემაკრთო, გაღვიძებულს გლოვის კარავში,
ხილვამ – ნიმფების ჯაშუშები გედგნენ დარაჯად.
შემრცხვა ღვთის თვალში, მზემ სხივებით გამამასხარა,
როცა გამივრცო დამარცხება ბრმების ქვეყანას.
გადიტვირთება დრო და გასცემს დასამარხავად
მის დღეებს – მგზავრებს უკუნისკენ, შენსა მშვენებას.
ვიცი, პატოსებს აწ არ მომგვრის სახე მწყაზარი,
მანკიერება ჩადგა შუა გამომძარცველი
ყველა ნატიფი გრძნობების… და სახეს თავშალში
წყრომით მალავენ ღვთის რჩეული ბანოვანებიც.
არა, არა ჰგავს ზურგის აღქმას და შეკრულობას
აზრთა თანხვედრის, უზენაეს დიდებულების.
სულმა შეიპყრო მის ფერთხმულნი და ერთგულობას
დაეტყოთ ეჭვის ნაპრალები ცოდვის ღრუებით.
ნიშნის ისარმა ჩამიქროლა იონათანის:
„ახლოს არ არის, შორს ეძებე შენგან ძალიან…“
ვით უიმედო ეტლითა და დროთა ქარავნით
ნუთუ მე შენგან ეშმის სული მძევლად წამიყვანს?
***
ეს შეგონება სინანულებს ბადებს ღრმა სულში,
რომ სიყვარული გმართებს ვინმეს გაუზიარო.
ბრმა წარმოდგენებს დაუპყრიათ სახე ნატრულის
და დროის ფლანგვას გაეწირა უმისამართოდ.
წლების ყოველი გაზაფხული ენთო იმედად,
როცა მგზნებარე სურვილები კვირტებს ისხამდა.
მაშინ მიზანი ვერაგების ნიშნით იღებდა
მათთვის მარადის უძვირფასეს მოძრავს, მკილავად.
უხერხულია, აიძულო ციხის პატიმარს,
თავისუფლება იზეიმოს თავის სახსნელად;
უადგილოა ბრალდებები სხვისთვის, სამხილად,
როცა ფაქტები არსებობენ არცა თავდებად.
ის მშვენიერი ღვთის ქმნილების გამონათალი
კვალს მიჰყვებოდა მონახაზით ფარულ არსების.
მიტომ აღიქვა გაელვება, გამომავალი,
გრძნობამ, მიჯნურის ღირსებისგან, აუტანელი.
უმანკოები, უცოდველნი, გაუწაფავნი,
ვით ვარსკვლავები, უკარებოდ დარჩნენ შორეთში.
სინანულების ზღვებში თუკი ნახონ ჩამხრჩვალნი,
მიეტევებათ მათ ცთუნების ძველი ცოდვები.
მაგრამ რადგანაც მირაჟების ცდუნვას ფატალურს
შეწირულები გულუბრყვილოდ, დარჩნენ სხვა მხარით,
გრძნობას უცოდველს, ბრალდებისგან ვით სულ განაბულს,
გვიან ჟამისას შეიცნობენ აწ და მარადის.
***
ვარდები თეთრი – უკარებო, იები ციცქნა,
ყველა გვარისა ფერები და პენსტრემონიცა…
თვალებში ბინდად გადმოგედო ჭრელი ფერი და
ვეღარ შემიცან ამიტომაც მე დღეს, მონიკა.
ქარები მსდევდნენ მე შურისა ფენომენურად,
ხეებს ცვიოდათ შიშისაგან ნედლი ფოთლები.
ცხოველთა ბუნაგს დაიმალე მოტყუებულად,
რადგან გეგონე მტაცებელი მე თვით ცხოველი.
დროც არ გამოდგა, ვით მკურნალი, როგორც ამბობენ,
არც გამოცანებს მოუნახავთ ერთი მძლეველიც.
ღამე მოახვევს ჟამს ძონძების მოგრძო სამოსელს,
გაფრინდებიან დაფრთხობილი თეთრი გედებიც.
ეს დრო სიბნელის, მათია და შენი ხვედრია,
რწმენის უძლური სინდისით, რომ გმართებს სიბრმავე.
და ვით არაფრად, უძლურობას შენი რწმენისა,
მძიმე ტვირთივით დავატარებ მე ამ მიწაზე.
რისხვამ მსაჯულის ამ ქვეყნიდან თუ განმაშორა
შენს მიჯნურობას, შენს არსების მზის სიახლოვეს;
მაშინ აროდეს ამ მხარეში მე არ გადმოვალ,
მხოლოდ ღვთის ნებას მე მივანდობ შენს სიმარტოვეს.
***
ეს რა სიყრუის გადმოგედო ბანგი ბოლო ჟამს,
როცა გარდაქმნა ღვთიურ წესით იქმნა სფეროსი?
დღისა და ღამის განაპირას, თვალთა მოპყრობა
არ მიიქცევა შესაცნობად შენდა შენდობის.
ელიტონები ზღვარშემოვლით უხილავს, გრძნობით
სტატუს ,,ბ”-ის, ეჭვის აბლაბუდას მსხვერპლად გაბმული.
ცოდვის ბუნებით გაცვეთილი თეთრი სამოსი
სულსა გიბღალავს, ვერ გიფარავს ნებას დახშულის.
ღამის პაუზამ დრო მოიცვა ნახევარ სრბოლის,-
ეშმაკის სენით გადამკიდე დუმილის მგზავრი.
თუ ნებელობით ღვთისგან იყავ ნაღველს ნაფლობი
და წრთობისათვის თხელ ფოლადად ღრმულში მდინარი?
ეგ ორლესული მოფეთება – ორსისქა ღამე
თავისუფლებას ორჯერ კვეცავს, დუმილს კი – ბანგად.
რომ შეერიოს შენი სული მორჩილად, დამლევს
აღსასრულისა, ხელებიდან მეთუნის საზავს.
იწვის და სულის ღარზე ვნება დაედინება…
გეშობა წმინდა საიდუმლო – მატყლის სითეთრე!
ჟამი სიყრუის მოივაჭრე, სახეცვლილებას
არ შეუნაცვლო სასჯელისთვის მარილი ცეცხლზე.
***
დროზე სიფხიზლის რა აჩივლებს თვალებს მომდურავს,
რომ უწვდომელი გეპარება მცირე ჟამიდან?
ბრმაო ერთგულო, შენ საწყისთა ვერ სცნობ მომცურავთ, –
თავისუფლების ზურგნაღმიან ქინქლებს ნამიანს.
სკდება რადგანაც მიწის გული სურვილთა ჯერზე,
რა აღვლიანებს ან არისხებს შროშანთა მოდგმას?
ცოდვისა მცნების ანტიგენებს, წმინდანთა გზებზე,
გადმოადინებს მათ საყოფად, ბოროტთა გმობა.
ასე ნაცემი, გაცვეთილი მოსურვეობა,
მუდამ ნაღმს მდგარი – თვალებს უვსებს შურის ნაპრალებს.
ტკბილი დუმილი გეყვარება მანამ, შენდობად
უზენაესი სულს მოგიფრქვევს ერთხელ ნანატრებს.
”ამ ხეს უზადოს, შემოდგომის ხმელ ფერთა მძოველს,
ჯერ მის ფესვების დაოკება ძალუძს წყურვილის…”-
ეგ მგზავრებია აბრაჰამის, მას რომ ამბობენ,
თუ გულისთქმიდან არეკლილან მძაფრულ სურვილში?
აღარ ეთმობა აღბეჭდილი აზრს სასოების,
რომ დიადია სიყვარული ზეცათა მაღლის,-
დროის მეუფე გინაწილებს ამაოების
დროს და დროებას ანტიტიპის, მშვენად გარდაქმნის!
რაკი ემოსათ სიბრძნის შვილებს, ვით სტოლა სელის,
თეთრი ხარისხის სათნოება – მშვენება ზესთა;
რად არ ცნობილობს ბურჯი სული შვილობას ქველის?
გესმის დუმილით: ,,რწმენისათვის მართლდება ვნებაც!”
***
ო, ფურისულა, ღვთის წყაროსთან დაბადებული,
შემოვლებია შენს მიდამოს ღვარძლი ლანდიშის.
მაცოცხლებელი წყლის იმედად, მასთან წვეული,
რაღაც მესმევა გარეული სითხის ნაწილი.
ო, სად გამქრალა იმ კონათა ტკბილი სურნელი,
როცა ღირსების გრძნობას ჯერაც ახლდა უნარი?
მოჩვენებითის კულისებში, დიდის მსურველნი,
როგორც პირქარით, ისე გაქრნენ სადღაც ზურგქარით.
გაღვივებული ზეციური გრძნობის დევნისთვის
ნება ებოძათ რა უფლების, ძაღლებს, წმინდანის?
ინიღბებიან წვრილმანები დროში… რწმენისთვის
კითხვაც არ გრჩება, ნულის ტოლის ქნარზე მძინარი.
ცალკერძ მოადგა აღსასრულად ლტოლვას მიზნამდი
ღამე უზღვარო, მნათებაღვსილ ზეცის ტაძრით.
,,ბნელ მატერიის” მიღმიერთა ბჭობა სიმართლის,
სულით მიწიდან მენათლება ფერფლში სიმდაბლის.
ო, სახიერნო წყალობისა, ნუ დამზარდებით!
მოდით, მასმიეთ ფენიქსივით წყარო მკურნალი!
თორემ ღვარძლიან ლანდიშებთან გავბალახდებით
მე და ის ნეკნი – ფურისულა, აღსასრულამდი.
***
ჩანს ეგ გულთბილი კვანძი გრძნობის გაგეყინება,
რაც გეხიდება იმ ნაპირთან რწმენით ხალვათი.
იქ უჩინართა გაუხრწნიათ მსაჯებს ღირსება
და შენს უნაზეს გულს მოეცვა ვნების განცდანი.
დროს კი ეძღვნება რა ყოფითის ხარისხ – თვისება?
სდუმს ცა და მიწა, სდუმს ეს მუზა ტანის გვემული…
რა ბუნებისა შეკრულობის განსჯით ივსება
ეს ღამე გრძელი, უნიათო და ჭირვეული?
თუკი გაზაფხულს, კარზე მომდგარს, როგორც წარსულებს,
გაემტყუნება სულს ვარდების დანაპირები,
მაშინ გულისა გადამალე ზეცად საუნჯე,
გელამუნება რაც ნუგეშად მარად დიდების!
ვერ გაუძლებენ გუმანების ხილვებს ნაზები,
მათ ეს ამ ჟამის დაებედათ რადგან მჭკნარობა.
ლოდინს ედგმება ორი სული ერთი სასჯელის:
ფლეგმა გონებებს შეეწიროს ან მკაცრ ჟამობას.
როს კი მოუვლენს ცა მეშვიდე, ვარსკვლავს მოწამლულს,
სულს თვისას… მიწა უკვდავების იქმნების ლურჯად!
ველზე მძვინვარე ისტორიის, ლანდად მოარულს,
ის გამოგადნობს ანტიტიპი ქმნილების სულად!
***
აღსასრულის იდუმალი ჰანგები
გულთა სმენის ძრწუნვად რაღას უბმობენ?
იყავ გულო, მთელი ძალდატანებით
ღვთის იმედად და მის წყარო სწყუროდე!
მუნჯად ქცეულ სურვილების მორევი
ერთფეროვან ჟამსა თავს არ გითმობენ.
დაკარგულან ის ლამაზნი, რომლებიც
მე მყვარობდნენ და ოდეს აქ ვიდოდნენ.
იმ განცდების მოგონებით, შეცნებას
ვიკვლევ… ფრთები მესხმის კვლავ გაქანების!
ამ დრო ჟამის თუ არ მეიმედება,
მე უხილავს ველტვი – მიზანს აღთქმების!
სანამ გმობა, დევნის ქარტეხილებით,
ეძგერება გულს და არ ედგომება…
ღვთიურ ძალთა ძვრებით აღმოიფხვრების
ამ ჭირვეულ დღეთა გამედორება!
გამაქანებს სული განდეგილობის
როს სხვაგან და სხვა მზე გამომაღვიძებს:
ფრთხილ ნავალის კვალი კვალზე მიმყოლნი
ფინიების ყნოსვა აღმომაჩინებს.
მაშინ ბანებს აუბამენ ,,მხილებად”
ჭორის ხმებსა იმ საფარის ძაღლები, –
იქ ვინათგან თავის – თავის დიდებას
კადნიერი სიყვარულით ვაქებდი.
ო, რა უწყი, შენ უგნურო ნათებავ,
შავთეთრება ზღვამა წუთისოფელის?
რაც მალულად მენთება და არ ქრება
სულსა შინა – მარად გულის მპყრობელი!
გესმის განა, იდუმალი ჰანგები
აღსასრულის ნიშნად რაღას უბმობენ?
ყური უგდე! იყავ ჟამსა ზარების,
ღვთის იმედად და მის წყარო სწყუროდე!



